Monday, February 7, 2011

რომელი საუკუნით თარიღდება უძველესი ქართული ხელნაწერები?
უძველესი ქართული ხელნაწერები-პალიმფსესტური ფურცლები თარიღდება V-VII საუკუნეებით.


რას აღნიშნავს ტერმინი "პალიმფსესტი”?
ტყავის ფურცელს, ანუ ეტრატს, რომელზეც გადარეცხილია თავდაპირველი ნაწერი და ხელმეორედ გამოიყენება საწერად. ტყავის მელნით გაჟღენთის წყალობით შესაძლებელია თავდაპირველი ტექსტის წაკითხვაც.


სად ინახება უძველესი ქართული პალიმფსესტები?
უძველესი ქართული პალიმფსესტები ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში - თბილისში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში - მესტიაში, ოქსფორდის, ბოდლეს, კემბრიჯისა და ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკებში.

როგორ თარიღდება უძველესი წერილობითი ფურცლები, ხელნაწერი წიგნები, დოკუმენტები?
უძველესი წერილობითი ძეგლები, იმ შემთხვევაში, თუ მათ არ უზით თარიღი, თარიღდება პალეოფგრაფიული შესწავლისა და წერილობით ძეგლებში მოხსენიებული ისტორიული პირების მიხედვით.

რას გულისხმობს პალეოგრაფიული შესწავლა?
პალეოგრაფიული შესწავლა გულისხმობს ანბანის მოხაზულობისა და წერასთან დაკავშირებული საკითხების (საწერი მასლა, იარაღები, ფურცელთა წიგნად შეკვრა-აკინძვის წესი, ყდა, წიგნის ფურცლებისა და ყდის მხატვრული თავისებურებები) დაქარაგმების, ანუ სიტყვათა შემოკლების წესების, ჭვირნიშნების, სასვენი და პირობითი ნიშნების კვლევას.

რა მასალას იყენებდნენ საწერად ძველად?
საწერად იყენებდნენ ცხვრის, თხის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებულ ფურცლებს, ანუ ეტრატს, ჭილს, ანუ პაპირუსს, რომელსაც აწარმოებდნენ ჭილისებრთა ოჯახის მცენარეებისაგან ( ჟუნცუს) და ქაღალდს.

რამდენი ქართული ხენაწერი წიგნია გადაწერილი ჭილის ფურცლებზე?
ჭილის ფურცლებზე გადაწერილია ჩვენამდე მოღწეული ორი ქართული ხელნაწერი წიგნი: IX-X სს-ით დათარიღებული ჭილ-ეტრატის იადგარი (დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) და IX ს-ით დათარიღებული ფსალმუნის 2 ფურცელი (დაცულია პეტერბურგის სალტიკოვ - შედრინის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში). ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ასევე დაცულია ცნობილი პაპიროლოგის, გრიგოლ წერეთლის, ბერძნულ პაპირუსთა კოლექცია.

როდის შემოდის ქაღალდი საწერ მასალად?
პირველად ქაღალდი მიიღეს ჩინეთში, ჩვ. წ. II ს-ში; VI-VIII სს. ქაღალდის წარმოება გავრცელდა აზიის ქვეყნებში. მან თანდათან შეცვალა მანამდე საწერად გამოყენებული (ჭილი, ეტრატი). საქართველოში ქაღალდი თავდაპირველად აღმოსავლეთიდან შემოდიოდა (XI ს). XIV სს-ში აღმოსავლური ქაღალდი შეცვალა ევროპულმა ქაღალდმა.

რა არის ჭვირნიშანი? როდიდან გვხვდება იგი ქართულ წერილობით ძეგლებში?
გამჭვირვალე გამოსახულება, რომელიც ჩანს ქაღალდის სინათლეზე გაჭვირვის დროს. კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში. ჭვირნიშნით არკვევენ ქაღალდის სადაურობას, ათარიღებენ დოკუმენტებსა და წიგნებს. ქართულ წერილობით ძეგლებში გვხვდება XIV საუკუნიდან, ევროპული, ვენეციური წარმოშობის ქაღალდზე.

რომელია პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერი წიგნი?
პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერი წიგნია 864 წლის "სინური მრავალთავი”. ინახება სინას მთის წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერში. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია მისი ფოტოპირი

ქართული ხელნაწერი


კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა. ქართული დამწერლობის ისტორია 24 საუკუნეს მოიცავს
ქართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნებას 16-საუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი წარმოშობა და შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მრავალ ასპექტს- სარწმუნოებრივსა და პოლიტიკურ ორიენტაციას, სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, მხატვრული აზროვნებისა და მატერიალური კულტურის განვითარებას.

ქართული წერილობითი კულტურისა და ხელნაწერი წიგნის სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების ფაქტში (326 წ.) უნდა ვეძებოთ. მას შემდგომ ქართულმა კულტურამ, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში ვითარდებოდა, უარი თქვა მისთვის უკვე კარგად ცნობილი ანბანური სისტემების გამოყენებაზე და თავად შექმნა საკუთარი ანბანური დამწერლობა. ქართული ანბანის პროტოტიპად ბერძნული ანბანი ივარაუდება. პირველი წერილობითი ძეგლები – ეპიგრაფიკული წარწერები თუ ხელნაწერი ფურცლები V-VI სს-ებით თარიღდება. ძველი წიგნების ეს ფრაგმენტები შენარჩუნებულია პალიმფსეტური ფურცლების ქვედა ფენაზე.

ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ გარემოში. ქრისტიანული მსოფლმხედველობის შეთვისების მიზნით, მან იმთავითვე, ანუ V ს-დან, მიმართა ყურადღება ქრისტიანობის უმნიშვნელოვანესი ცენტრებისკენ და შემდგომაც, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ვითარდებოდა თანადროულ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსა (სირია-პალესტინას) და კონსტანტონეპოლთან მჭიდრო კულტურული კავშირების გზით. შესაბამისად, ქართულმა ხელნაწერმა წიგნმა დღემდე შემოინახა ადრეული ქრისტიანული მწერლობის იმგვარი ძეგლები, რომელთა სხვაენოვანი ტექსტები - ბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური, ლათინური, სომხური თუ სლავური - დღეისათვის დაკარგულად ითვლება. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მან გაიზიარა მცირე და ახლო აღმოსავლეთისა და ბიზანტიის წერილობითი კულტურების გამოცდილება, სრულად შეითვისა როგორც წიგნის შემეცნებით-საგანმანათლებლო ფუნქციის ამსახველი მრავალფეროვანი მასალა, ასევე მისი მხატვრული გაფორმებისა და საწარმოო პროცესების შესახებ შუასაუკუნეებში არსებული ცოდნა.

საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ განაპირობა წიგნის გადაწერისა და შექმნის საქმეში მაღალი ფეოდალური წრის ფინანსური ჩართვა. წიგნი იქცა სახელმწიფოებრივი და კულტურული სტატუსის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად, რამაც ხელი შეუწყო ფორმითა და დანიშნულებით განსხვავებული ხელნაწერების არსებობას, კერძოდ, ყოველდღიური მოხმარების სამონასტრო წიგნების პარალელურად ჩამოყალიბდა მცირე ფორმის სადა საბერმონაზვნო, მდიდრულად შემკული, საგანგებოდ აკინძული "საზეიმო" და პირადი კუთვნილების წიგნები.

შუა საუკენეების ქართული მწიგნობრობა და წერილობითი კულტურა, პოლიტიკური ცხოვრების შესაბამისად, ორიენტირებული იყო არა მხოლოდ ქრისტიანული აზროვნების შემეცნებისაკენ, არამედ მისთვის ცნობილი და უახლოესი მეზობელი (ისლამური სპარსულ-არაბული) წერილობითი კულტურების გაცნობისკენაც.

გვიან შუა საუკუნეებში ქართულმა სამწიგნობრო ტრადიციამ ყურადღება ევროპული ტენდენციებისა და გამოცდილებისაკენ მიმართა. ევროპულ კულტურასთან კავშირმა ხელი შეუწყო ქართული ხელნაწერი წიგნის გრავირებისა და ბეჭდვითი საქმის განვითარებას.

დღეისათვის ცნობილია ქართული ხელნაწერი წიგნის 11 ათასამდე ეგზემპლარი, რომლებიც ინახება როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის უმნიშვნელოვანეს წიგნსაცავებში. ამათგან უმთავრესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. იგი 50 წელზე მეტი ხანია, რაც ემსახურება ქართული ხელნაწერი წიგნის კვლევისა და დაცვა-აღრიცხვის საქმეს.

წყარო:http://geomanuscript.ge/
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი